გამომწევი მიზეზები


ადრეული ქორწინების გამომწევი მიზეზები

ნაადრევი ქორწინებას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ქონდეს: სიყვარული, მშობლების კონტროლისაგან თავის დაღწევა, დაუგეგმავი ფეხმძიმობა და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა ხდება ნაადრევი ქორწინების მიზეზი. ამ სიტუაციიდან გაქცევის საშუალებად ბავშვები სწორედ ნაადრევ ქორწინებას მიიჩნევენ.

გამომწევი მიზეზები:

  •     სიღარიბე
ბევრი ღარიბი ოჯახისთვის ოჯახის წევრი გოგოს ადრეულ ასაკში დაქორწინება ფინანსური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ოჯახები გოგოს დაქორწინებით მატერიალურ სარგებელს ნახულობდნენ. ამასთანავე, ოჯახს ერთი წევრის გამოკვების, ჩაცმისა და განათლების ხარჯი მოაკლდება. აზიასა და აფრიკაში ქორწინებას ფინანსური გარიგებაც მოსდევს, რაც ასევე უბიძგებს ოჯახებს, რომ გოგოები ადრე დააქორწინონ.
მაგალითად, სუბსაჰარულ კულტურაში მშობლები ბევრად უფრო მაღალ თანხას იღებენ ისეთი გოგოს დაქორწინებაში, რომელსაც სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ბანგლადეშში, ინდოეთში, პაკისტანსა და ნეპალში რაც უფრო პატარაა ასაკით გოგო, მით უფრო ნაკლებდანახარჯიანია მისი მზითევი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მოტივაცია ხდება მშობლებისთვის, რომ შვილი პატარა ასაკში დააქორწინონ.
გლობალურად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება ბევრად უფრო ხშირია ღარიბ ქვეყნებსა და რეგიონებში. მაგალითად, სენეგალში გოგო ღარიბი ოჯახიდან ოთხჯერ უფრო ხშირად ქორწინდება არასრულწლოვანების ასაკში, ვიდრე გოგო მდიდარი ოჯახიდან.

  • შეზღუდული განათლება

სტატისტიკის მიხედვით, გოგოები, რომლებიც სკოლაში დადიან, უფრო ნაკლებად ხდებიან ადრეული ქორწინების მსხვერპლი. ბევრ ქვეყანაში გოგოების განათლება ბიჭებთან შედარებით უფრო ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლად დედობა და დიასახლისობა განიხილება.

მაშინაც კი, როდესაც ღარიბ ოჯახებს სურთ, რომ ქალიშვილებსაც მიაღებინონ განათლება, ხშირად ეკონომიკური პრობლემები (მაგ.: სკოლის გადასახადი, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ხარჯი) აიძულებთ, არჩევანი ვაჟისა და ქალიშვილის განათლებას შორის გააკეთონ, რა შემთხვევაშიც ხშირად გოგოები იჩაგრებიან. როგორც წესი, ოჯახები მიიჩნევენ, რომ უფრო უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანია ბიჭების განათლებაზე რესურსების დახარჯვა, ვიდრე გოგოებისაზე. ეს აიძულებს ოჯახებს, არასრულწლოვანების ასაკში დააქორწინონ გოგოები და ადრეული ასაკიდანვე მოარგონ მათ დედობისა და დიასახლისობის როლი.


  • ტრადიცია და რელიგია

ტრადიციების მიმდევარ საზოგადოებებში, რომელთაც არ სურთ, რომ გოგონებს სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე ჰქონდეთ, ამის პრევენციისთვის გოგოებს ადრეულ ასაკში აქორწინებენ. უამრავი რელიგიური აღმსარებლობა და ეროვნული ტრადიცია ქალის სქესობრივ აქტივობას ქორწინების გარეშე ცოდვად, ოჯახის შეურაცხყოფად და ღირსების შელახვად მიიჩნევს. ასეთ საზოგადოებაში ხშირად ქორწინება განსაზღვრავს ქალის სტატუსს და „იცავს“ მას „რეპუტაციის შელახვისგან“.

ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა ქორწინება ადრეულ ასაკში სქესობრივი კავშირის ან არასასურველი ორსულობის დასამალად ხდება.

თუმცა, ჩვეულებები და ტრადიციები იცვლება. ფაქტობრივად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება თითქმის გაქრა რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს მოვლენა ერთი-ორი თაობის წინ გავრცელებული კულტურული პრაქტიკა იყო. ასეთი ქვეყნებია ჩინეთი, ტაივანი, კორეა, ტაილანდი და ინდონეზია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს მავნე ტრადიცია ასევე წარსულს არ ჩაბარდეს იმ ქვეყნებში, სადაც იგი დღესაც აქტუალურია — მათ შორის საქართველოში.

  •   დაუცველობის შეგრძნება

როდესაც ოჯახები სახიფათო რეგიონებში ცხოვრობენ, მშობლებს შეიძლება გულწრფელად სჯეროდეთ, რომ მათი ქალიშვილების დაქორწინება საუკეთესო საშუალებაა საფრთხისგან დასაცავად. მაგალითად, ავღანეთის, ჩრდილოეთ უგანდის ან სომალის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში, არასრულწლოვან გოგოებს იძულებით აქორწინებენ მეომარზე ან სხვა ავტორიტეტზე, რომელიც უზრუნველყოფს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული ჯგუფები არასრულწლოვან გოგოებს იტაცებდნენ და მებრძოლებისა და მეთაურების ცოლებად ზრდიდნენ.




No comments:

Post a Comment